Logo
ნაოჭების გასწორება

ნაოჭების გასწორება

კონტურული პლასტიკა კოსმეტოლოგიაში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია,რომელიც იძლევა სწრაფ და სტაბილურ შედეგებს ხანგრძლივი რეაბილიტაციის გარეშე. ამ პროცედურის დროს გამოყენებული პრეპარატების ჯგუფში ყველაზე ფართოდ გამოიყენება ჰიალურონის მჟავა, რომელიც გამოირჩევა უსაფთხოების მაღალი ხარისხით. შერჩევის დროს უპირატესობა ენიჭება ბიოსინთეზის გზით მიღებულ ჰიალურონის მჟავას. მნიშვნელობა აქვს პრეპარატში ცილის შემცველობას, რაზეც არის დამოკიდებული რეაქტიულობა და იმუნოგენურობა.

ჰიალურონის მჟავის ხანგრძლივობა მოკლევადიანია - 9-დან 18 თვემდე. ჰიალურონის მჟავის უპირატესობა მუდმივ და გრძელვადიან შემავსებლებთან შედარებით, განპირობებულია იმით, რომ ხსენებულ ვადაში იგი სრულად იწოვება, ხოლო მუდმივი და გრძელვადიანი შემავსებლები შეყვანიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მიგრირებენ კანში და იწვევენ მეორად დეფორმაციას. შესაბამისად, საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა, რაც ზოგჯერ შედეგს არ იძლევა. გარდა ამისა, მუდმივი შემავსებლის არსებობა კანის დაბერებისა და მოდუნების შედეგად კარგავს ვიზუალურ ესთეტიურობას და ზღუდავს ახალი მეთოდების, ინექციებისა და პრეპარატების გამოყენებას.

დღეისათვის წარმოდგენილია შემავსებლების ბოლო თაობა, რომელთა შეყვანისას ჰიალურონის მჟავის გელი ჰომოგენურად ვრცელდება დერმაში, ამასთანავე ინარჩუნებს მოცულობით თვისებას, ამიტომ იქმნება შევსების ნატურალური ეფექტი, რომელიც შედარებით ხანგრძლივად ნარჩუნდება. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება ნაოჭების შესავსებად, ტუჩის ფორმისა და მოცულობის კორექციისთვის, სახის კონტურის კორექციისთვის.

Image